ვანის არქეოლოგიური მუზეუმი 1985 წლის 25 სექტემბერს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. 1985 წლის 25 სექტემბერს. მუზეუმის გახსნას დაემთხვა შავიზღვისპირეთის პრობლემებისადმი მიძღვნილი მსოფლიო არქეოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც ტარდება ყოველ მესამე წელს. მუზეუმში განთავსებულია სხდომათა დარბაზი, ბიბლიოთეკები, სარესტავრაციო და ფონდების განყოფილებები. სწორედ ოთარ ლორთქიფანიძის უდიდესი ღვაწლის გამო, რომელიც მან ვანის ნაქალაქარს და საერთოდ ქართულ არქეოლოგიას შეალია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დღეს მის სახელს ატარებს. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). მუზეუმის მისამართია გორგასლის ქ. 33. ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.
No comments:
Post a Comment